საქართველოს მართმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიას სახელმწიფოს ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა და უზარმაზარ დადებით როლს ასრულებდა ქვეყნის გადარჩენასა და განვითარებაში.
მაგრამ მართმადიდებლობამდე დაქრისტეს ვნებამდეც ქართველებმა საკმაოდ დიდი გზა განვლეს მოყოლებული წარღვნიდან.
წარღვნის შემდეგ ისტორიული ცნობების მიხედვით ქართველური ტომები ითვლება რომ არიან წარმოშობით ნოეს ძის, იაფეტის შთამომავლის ქართლოსის შთამომავლობა. ეს ქართველური ტომები იყვნენ ქართები, ლაზები, ჭანები, მეგრელები, კოლხები, იბერები, სვანები, ქართები ეგრისელები და სხვა. ეს ტომები ძირითადად იდენტურები იყვნენ და მომავალი ზოგადი ქართველი მოსახლეობა და ქართული ეკლესიის მომავალი სამწყსოა. მათი ერთიანაობა დასტურდება მეცნიერთა კრიტერიუმებით. ეს კრიტერიუმები ზუსტად ასახავს ერის რაობას და არსებობას. ილიას აზრით ,,ერი არის კრებული ისტორიით შედუღებული ერთსულ და ერთხორც მკვიდრთა” (ი.ჭავჭავაძე, თხზულებანი,1984 გვ.716), ხოლო ამას დამატებული აუცილებელია ერის ერთიანი ეკონომიკა, ფსიქიკური წყობა, ტერიტორიის ერთობა და ამ მხრივ ამ ტომების ერთიანობას ვრცლად განიხილავს მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე ნაშრომში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, თუმცა არნოლდ ჩიქობავას აზრით, ერის რაობის დასადგენად უმთავრესია ერთიანი ენის არსებობა (ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, VI, გვ,37), ხოლო ენის ერთობას თავის მხრივ ადასტურებს მროველი მღვდელმთავარი, ისტორიკოსი ლეონტი მროველი, რომელიც ქართლის ცხოვრების მისეულ ვარიანტში ამბობს, რომ ფარნავაზის მიერ გატარებული ენის რეფორმის შემდეგ ,,არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართლოსისა ნათესავთაგანი.” ფარნავაზის დროინდელ ქართლში მოიაზრება დასავლეთ საქართველოც, რადგან ქუჯიმ, დასავლეთის ერისთავმა თავისი სამფლობელოც ფარნავაზს შეუერთა. აქედან გამომდინარე, ქართველები როგორც ერი და საქართველო როგორც სახელმწიფო ძველთაგანვე არსებობდა და განვითარების უზარმაზარი გზა განვლო.
გასარკვევია ქრისტეშობამდე ქართველების რწმენის საკითხიც. წმინდა ნინოს შემოსვლისას მოხსენიებულია კერპები არმაზი, გაცი, გაიმი, ზადენი, რომლებიც თავისთავად ძველთაგანვე არსებობდა. ამას დამატებული უამრავი უცნობი კერპი მთიან საქართველოში, რომლებსაც ქართველები უზარმაზარ მსხვერპლს წირავდნენ და აქედან გავიგებთ, რომ ქართველები კარგი მორწმუნე კერპთაყვანისმცემლები იყვნენ.
პირველი მქადაგებლები საქართველოში იყო მოციქული ანდრია პირველწოდებული, რომელიც რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოში და შემდგომ ჩამოსვლისას მას ახლდნენ სიმონ კანანელი და მატათა მოციქული. დღესდღეობით ამ თემაზე უამრავი მოსაზრება არსებობს, რომელნიც ურთიერთგამომრიცხავნი არიან. მცირე ნაწილი იმასაც ამბობს, რომ საქაღტველოში საერთოდ არ უქადაგია არცერთ მოციქულს, თუმცა დიდი ნაწილი მეცნიერებისა და ისტორიკო-თეოლოგებისა ამბობს, რომ საქართველოში ამ სამ მოციქულთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ სხვა მოციქულებიც, მაგალითად ბართლომე, თადეოზი, თომა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს თვით პეტრე მოციქულიც.
ამ დიდმა ქრისტიანებმა დიდი ნაწილი საქართველოსი მოაქციეს. მათ სორის იყვნენ როგორც მთავრები, ასევე ღარიბი მოსახლეობა. მეტიც, ქრისტიანობა თითქმის მიიღო მეფე რევ მართალმა, თუმცა იგი არ მონათლულა, მაგრამ სხვა მეფეები დიდად დევნიდნენ ქრისტიანებს და სამღვდელოების ნაკლებობის გამო ქრისტიანების რიცხვი ნელნელა მცირედებოდა.
ამ ფაქტს წერტილი დაუსვა ქართველთა განმანათლებელმა წმ. ნინომ, კაპადოკიელმა ქალწულმა, რომელიც იერუსალიმის პატრიარქის დისწული იყო და მისივე კურთხევით გამოემგზავრა საქართველოში. მის შემოსვლის დროს საქართველოში მეფობდა მეფე მირიანი თანამეცხედრითურთ, სახელად ნანა. ნინოს ლოცვითა და სასწაულებით ხალხმა და სამეფო კარმაც ნელნელა ირწმუნა ქრისტე და მეცნიერთა აზრით 317-318 წლებში ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა და 324-326 წლებამდე პერიოდული მასიური ნათლობებით ქართველები გაქრისტიანდნენ. პირველი ნათლობა მცხეთაში, მაშინდელ დედაქალაქში ჩატარდა მტკვარ-არაგვის შესართავთან და ამიტომ ამ ადგილს დღესაც უზარმაზარი მნიშვნელობა გააჩნია საქართველოს-თვის და დიდი სიყვარულით და ავტორიტეტით სარგებლობს მორწმუნე ქრისტიანებში.